გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე გასაუბრებისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებული ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არსშივე დანაშაულებრივი იყო.
„როდესაც პროკურატურის მძიმე მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ მძიმე მემკვიდრეობას, რომელსაც პროკურატურა 2012 წლამდე პერიოდში ახორციელებდა. ეს პერიოდი ხალხში სამართლიანად მოიხსენიება ნულოვანი ტოლერანტობის წლებად. ცალსახაა, რომ ეს პერიოდი იყო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც გამოხატულია მოქალაქეების ათასობით საჩივარ-განცხადებაში, რომლებიც დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც იმ პერიოდში (წინა ხელისუფლების დროს) გვხვდებოდა. ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ სისტემა განვითარდეს კანონიერებისა და სმართლიანობის პრინციპების დაფუძნებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ვსუაბრობთ, არ ვგულისხმობთ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. იმიტომ, რომ მას არაფერი საერთო ქონდა სამართალთან. ზოგადად, არსშივე იყო დანაშაულებრივი“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საპჭომ გენერალური პროკურორობის 13 კანდიდატს უკვე მოუსმინა. დღეს ირაკლი შოთაძესთან ერთად კითხვებს გელა ჩივაძეც უპასუხებს. ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.