logo
ENG



შოლცის თქმით, G7-ის სამიტზე პუტინის პირობები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ განხილულა

15 ივნ 202411:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/amvbrqlhaxk9q0h.jpg

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა იტალიაში სამიტზე არ განიხილეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირობები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე.

შვეიცარიაში გამგზავრებადე, სადაც დღეს უკრაინის მშვიდობის სამიტი უნდა დაიწყოს, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინის წინადადება უარი თქვას NATO-სა და საკუთარ ტერიტორიებზე, ყურადღების გადატანის მცდელობაა სამიტიდან, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული.

ოლაფ შოლცის თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებული წინადადებები "არასერიოზულია".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 14 ივნისს თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. ბრიუსელში პრესკონფერენციის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.


close დახურვა