შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 2006 წელს დაბადებული ს.ჯ. რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 7 პირი.
ასევე, 7 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.