logo
ENG



შსს-მ კეკელიძეზე გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა

23 იან 202416:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/lis4olgadngfypo.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ადამიანი აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანების გამოა დაკავებული, 18 კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე.

ამასთან, უწყების მტკიცებით, კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელების წინააღმდეგ "დაუდგენელი საშუალება" სპრეის სახით გამოიყენეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, . კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.

შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.

გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი.

დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. 

პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. 

რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა.

პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.

კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა. 


close დახურვა