logo
ENG



თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა

23 იან 202411:46
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა.

ონლაინ-პლატფორმა მაუწყებლის კადრებიდან ჩანს, რომ საცხოვრებელ კორპუსთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი, სადარბაზოს შესასვლელთ კართან კი აღსრულების პოლიციაა მობილიზებული. კადრებიდან ასევე ჩანს, რომ მხარდამჭერების ნაწილი სახლში არის გამაგრებული.

ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. 

დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ფორმულა დეტალებს არკვევს. 

აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.

როგორც ცნობილია, ისინი მზად არიან დაფარონ ფინასური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

"კრიტიკას ვერ უძლებს ამ პროცესში სახელმწიფოს როლი და მონაწილეობა. წლების განმავლობაში, გამოსახლებისას სახელმწიფო სრულ იგნორირებას უწევს გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას, ოჯახში არასრულწლოვნების, ორსულების, ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების არსებობას, ასევე, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში გამოსახლების საქმეებში სასამართლო რგოლის ჩართვა მოხდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობას აქცევს ყურადღებას, ხოლო გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების სათანადო საცხოვრებლის უფლებას კი - უგულებელყოფს. მეტიც, არსებული სისტემის მიხედვით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე, მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულება, რაც მოვალეს კიდევ უფრო დაუცველს ხდის", - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დროებითი ზომის სახით დააწესოს მორატორიუმი უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლებაზე, რომლის განმავლობაშიც დახვეწს გამოსახლების მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პოლიტიკას. ამასთან მიმართავს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გამოსახლების მიმდინარე მძიმე შემთხვევებში, შეასრულოს შუამავლის როლი გამსესხებლებსა და ოჯახებს შორის, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ვალდებულების დაფარვის შესახებ და მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები, ოჯახების უსახლკაროდ დარჩენის თავიდან ასაცილებლად.


close დახურვა