logo
ENG



შსს-მ საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმისთვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

02 აპრ 202201:37
3 წუთის საკითხავი
 
შსს-მ საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმისთვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

შსს-ის განცხადებით აფრიკის დასახლებაში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული კაცია. 

შსს-ის ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა" - აცხადებს შსს.

შსს-ის ინფორმაციით ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა იქვე მდგომ ავტომობილში ჩასხდნენ და მძღოლს აიძულეს კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი. 

დღეს თბილისში, სამგორის რაიონში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.

 

close დახურვა