შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.
"სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები"- ნათქვამია განცხადებაში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.