შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანში დააკავეს 1970 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელმაც სამი ადამიანი დაჭრა.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.