შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაზისუბანში კაცმა მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა.
უწყების ინფორმაციით, გუშინ, 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში მდებარე ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მათ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
"კაცმა ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ამბობენ შსს-ში.
გამოძიება 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.