logo
ENG



შსს: მკოიანმა პირადი მანქანით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა

25 აგვ 202211:30
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქში ნაციონალური მოძრაობის წევრის არტურ მკოიანის დაკავებას ეხმაურება.

უწყების განცხადებით, 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ოპელის მარკის მანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი მანქანით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. მათი მტკიცებით, მძღოლი მანქანიანად მიიმალა.

შსს-ს თქმით, მალევე მოხდა მანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ მას 1985 წელს დაბადებული არტურ მკოიანი მართავდა.

მათი განცხადებით, ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მკოიანის სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას ის არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ის სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უწყების განცხადებით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

გარდა ამისა, უწყება ეხმაურება ენმ-ის განცხადებას:

"ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა.

აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ მკოიანის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე მკოიანის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და მკოიანის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა".

ვიდეო, რომელსაც შსს ავრცელებს:

რას ამბობს დაკავებულის ოჯახი

24 აგვისტოს, გამთენიისას არტურ მკოიანი საკუთარ სახლში დააკავეს. მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. 

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ იარაღი არ ჰქონდათ, დაკავების მოტივი კი პოლიტიკურია, ვინაიდან არტურ მკოიანი ოპოზიციონერია. 

დაკავებული ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ენძელ მკოიანის ძმაა. არტურ მკოიანი 2018 წელს თავადაც იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი. 

დაკავებულის ცოლის თქმით, ახლა ოპოზიციაში მყოფი არტურ მკოიანის დაკავებას სათავეში ახალქალაქის პოლიციის უფროსი, შალვა ლომსაძე უდგას. 

ნინა მკოიანი ლომსაძეს ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაშიც ადანაშაულებს. ქალი, რომლის ქმარიც გამთენიისას დააკავეს, ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა, შალვა ლომსაძემ 2021 წელს გაიტაცა და ძალადობა სცადა. საუბრობს სიცოცხლის მოსპობის მუქარაზეც. ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან, როგორც ამბობს, მას ემუქრებოდნენ.


close დახურვა