გლდანში, კარფურში მომხდარ თავდასხმაზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კაცმა თავის ყოფილ მეუღლეს მიაკითხა სამსახურში და დანით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა.
შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კაცზე მოქმედებდა შემაკავებელი ორდენიც.
"სამართალდამცველებმა ა.გ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს - 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში - გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. თ.პ. სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.