logo
ENG



შსს საახალწლო საჩუქრებისთვის მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

26 ოქტ 201920:13
3 წუთის საკითხავი
 
9bcylaq4o8oaagt.jpg

შსს საახალწლო საჩუქრების შესაძენად ბიუჯეტიდან 1.200 000 ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაცია „ფორმულა ნიუსმა“ მოიძია. 80 ათასამდე ბოთლი ღვინით ძალოვანი უწყება ახალ წელს საკუთარ თანამშრომლებს მიულოცავს. საახალწლო სამზადისი ძალოვანმა უწყებამ რამდენიმე დღეა დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საახალწლო სასაჩუქრე კალათაში ღვინო და შოკოლადი იქნება. ტენდერი სამ ნაწილად არის გამოცხადებული - წითელი ღვინის, ცქრიალა ღვინის და შოკოლადის. 38 ათას 930 სასაჩუქრე კალათას შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის ამზადებს. მათ შორის, დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის. 

პარლამენტარები სამართალდამცველების წახალისების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ახალ მინისტრს არამიზნობრივი ხარჯის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ასობით ათასი ლარი შოკოლადებში არ უნდა იხარჯებოდეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ახალი წელი გასულ წელსაც იმავე სასაჩუქრე კალათით მიულოცა - ღვინით და შოკოლადით. თუმცა შარშან დაახლოებით 830 ათასი ლარი დახარჯა. წელს კი ეს თანხა 350 ათასით არის გაზრდილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ უწყება თანამშრომლებს ახალ წელს საჩუქრით წელს პირველად არ ულოცავს. სასაჩუქრე კალათაც უცვლელია. იცვლება მხოლოდ დახარჯული თანხა. განგვიმარტეს, რომ ბოლო ერთ წელში გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც და სასაჩუქრე პროდუქტის ღირებულებაც. გამოცხადებული ტენდერების დასრულებას ძალოვანი უწყება  ნოემბრის ბოლომდე გეგმავს.

 

 


close დახურვა