კანონი და სამართლის ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ რუსეთის უშიშროება საქართველოზე ზეწოლით მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს.
ჩარკვიანის თქმით, ინფორმაცია დაზუსტებულია და უშიშროებაში ამ საკითხზე პირდაპირი მითითება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან აქვთ.
ის საერთაშორისო პარტნიორებს, საელჩოებსა და დიპლომატებს მიმართავს, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ და ციხეში მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.
"მაქვს უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაცია. რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია დაზუსტებულია. ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე", - თქვა ჩარკვიანი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა ფორმით იგეგმება სააკაშვილის განადგურება, ჩარკვიანმა ასე უპასუხა:
"საუბარია ფორმებზე, მე არ მინდა ეს გავახმოვანო. ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მითითებაა", - ამბობს ჩარკვიანი. მან ასევე უახლოეს დღეებში მრავალრიცხოვანი აქცია დაანონსა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორების დახმარება სჭირდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.