კოალიცია ჩემი ხმა ევროკავშირს წარმომადგენელმა, ტატო ქელბაქიანმა განაცხადა, რომ კოალიციის ფარგბლებში, მარნეულის საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისას ბევრი დარღვევა აღმოაჩინა. მათ შორის, მარკირება არ მოწმდებოდა. მისივე თქმით, საეჭვო იყო მარკირების სითხის უხარისხობა, ასევე კომისიის ნებისმიერ შენიშვნაზე თავმჯდომარის უყურადღებობა, რაც ვლინდებოდა საარჩევნო უბნებზე. ქელბაქიანის თქმით, ვერიფიკაციის აპარატის ადგილმდებარეობაც ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესების სწორად წარმართვას.
"ვერიფიკატორის აპარატები კედელთან მიდგმული იყო. ჩვენ, როდესაც ვამზადებით ჩვენს დამკვირვებლებს, ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ პირადობის გატარებისას უნდა შეგვედარებინა ვერიფიკატორის აპარატში ამოვარდნილ სურათს, რათა გასაგები ყოფილიყო, საარჩევნო უბანზე გამოცხადებული ადამიანი ერთი და იგივე არის თუ არა. ამის შესაძლებლობა დამკვირვებლებს არ მისცეს. უკანაც ვერ დგებოდნენ და გვერდზე დადგომის საშუალებასაც არ აძლევდნენ.
ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, მასობრივად, რომ ადამიანები რამდენჯერმე შემოდიოდნენ უბანზე, უბნიდან უბანზე გადადიოდნენ და აძლევდნენ ხმას. მხოლოდ პირადობებით, არა, ძირითადად, პასპორტებითაც მოდიოდნენ, სადაც სხვისი პირადობის ნომერი ჰქონდათ ჩაკრული. აქ ჩართული იყო ყველა რეგისტრატორი და კომისიის თავმჯდომარე.
როდესაც პასპორტით მიდიან ადამიანები, ის არ ტარდება აპარატში და ხელით შეჰყავთ. როდესაც მოქალაქე აძლევს პასპორტს და ზიხარ კედელთან, პასპორტი შეიძლება ვერ დავინახოთ ფოტო ჩაკრული არის თუ არა. მასობრივად დადიოდნენ პასპორტებით, რამდენჯერმე მოსული ადამიანი, ჩვენც ამოვიცანით.
გარდა ამისა, არნახულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი ჩვენს დამკვირვებლებზე. დღის განმავლობაში, 15 დამკვირვებელი გამოგვიგდეს. ბოლოს მივედი მე, დაკვირვებისას ყვიროდნენ და რეპლიკებს ისროდნენ, ნუ ხმაურობთო და ამის შემდეგ, პოლიციას გამოუძახეს და მეც გამაძევეს. ზუსტად ამ მე-7 უბანზე დასვეს 85% ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა ქელბაქიანმა.