logo
ENG



ჩეჩნეთის ხელისუფლებამ საქართველომდე გზის გაყვანის აუცილებლობაზე საუბარი განაახლა

01 ივნ 202216:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/wrbu0r7schebnwx.jpg

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან გზის გაყვანის აუცილებლობაზე საუბარი განაახლა. ინფორმაციას ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო საქმეთა და პრესისა და ინფორმაციის სამინისტროს მიერ შექმნილი მედია Grozny-inform ავრცელებს.

ჩეჩნეთის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩეჩნეთმა რუსეთს არაერთხელ მიმართა ამ გზის მშენებლობის საკითხზე.

შაპტუკაევი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კადიროვმა ამ გზის მშენებლობა ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა.

„ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ზოგადად რუსეთის ფედერაციაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე. შესაბამისად, გროზნო-შატოი-იტუმი-კალი-შატილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მრავალჯერ მიმართა ფედერალურ ცენტრს საკითხთან დაკავშირებული წერილებით და ეს საკითხი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის  სპეციალური კონტროლის ქვეშაა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მითითებით, ეს საკითხები ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრიორიტეტად გამოცხადდა. ამ დრომდე ჩეჩნეთის ხელისუფლებამ იმუშავა რომ ამ გზის აშენების საჭიროება დაემტკიცებინა, რომელიც ჩრდილო-სამხრეთის სატრანსპორტო ქსელს გააფართოებთ ისეთი ფართო ქსელის ჩართვით, როგორიცაა იტუმი-კალი - შატილი“ - განაცხადა შაპტუკაევმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თარიღები არაა განსაზღვრული თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ჩეჩნური მედია წერს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე დიდი ხანია საქართველომდე გზის მშენებლობას განიხილავს, ვინაიდან ეს, მათი თქმით, რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მედია აცხადებს, რომ გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს, გააძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს და შეამცირებს რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და თურქეთში პროდუქტების ტრანსპორტირების ხარჯებს.

Grozny-inform-ის თქმით, გზის აშენებით საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის ზრდის გარდა ჩეჩნეთში ექსპორტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

***

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იქნება, რომელსაც უცხოეთიდან ჩეჩნეთში ტვირთბრუნვის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ხუჩიევის თქმით, ამ გზის მშენებლობა 90–იან წლებში დაიწყო, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეწყდა.

მისივე თქმით 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა თქვა, რომ მისი განხორციელება ჯერ არ იგეგმებოდა.

17 მარტს კი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას და აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი. საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა