ჩინეთის ელჩის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გარდამტეხი მომენტი იქნება. ელჩის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
"China Communications Construction Company Limited არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანია მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ამ ჯგუფის მიმართ არ არის სანქციები. თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველი ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია", – აღნიშნა ელჩმა ჭოუ ციენმა.
მისივე თქმით, ჩინეთი ელოდება დადებით შედეგს და სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი არ იქნება მხოლოდ ერთობლივი წამოწყება.
"ის ასევე აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთის მხარდასაჭერად. ეს არ არის ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა მე მჯერა, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის "სარტყელისა და გზის" ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში".
29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. დავითაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ორ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, გააზრებულ იყოს პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე".
***
მარტში პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით "კონკრეტული სამუშაოების" ივნისიდან დაიწყებოდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.