ფორმულას ტელეწამყვანი, თამუნა ჩიხლაძე ამბობს, რომ მასსა და აქტივისტ ნატა ფერაძეს შორის საუბარი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ფაილებშია გაშიფრული, აქტივისტის სახლში შედგა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, აღნიშნულზე რეაგირება ექნება და სამართლებრივ მსვლელობას მისცემს.
ჩიხლაძე ამბობს, რომ მისმა მეგობარმა სასულიერო პირებმა ტრანსგენდერების დახმარება გადაწყვიტეს, ამის ორგანიზებისთვის კი ის ნატა ფერაძეს დაუკავშირდა.
"ტელეფონზე გვქონდა საკმაოდ ხანმოკლე საუბარი, მესენჯერში ორი-სამი კითხვით გავცვალეთ ინფორმაცია. მეც და ნატაც ვფიქრობთ და ასე გვახსოვს, რომ დიალოგის ის ნაწილი, რომელიც არის გაშიფრული სიტყვა-სიტყვით, ეს შედგა ნატა ფერაძესთან სახლში, სადაც მე კონკრეტულად ვუყვებოდი, ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ გადაწყვიტეს დახმარება, რადგან მასაც ჰქონდა კითხვის ნიშნები და უნდა დამერწმუნებინა, რომ ძალიან სანდო ადამიანები აპირებენ ტრანსგენდერების დახმარებას", - განმარტავს ჩიხლაძე.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე.
ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება.