logo
ENG



ცემა და სუიციდის მცდელობა - აღსაზრდელების თქმით, დასჯის დავალებას მეუფე სპირიდონი გასცემდა

05 ივნ 202120:08
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები ჩაწერა, რომლებიც ამბობენ, რომ აღმზრდელებს მათი დასჯის დავალებას მეუფე სპირიდონი პირადად აძლევდა. 

ერთ-ერთი ყოფილი ბენეფიციარი, არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ ცუდი დამოკიდებულება ძირითადად გოგოების მიმართ იყო. არასრულწლოვანი ყვება, რომ მას, ისევე როგორც პანსიონის სხვა ბავშვებს აღმზრდელები ფიზიკურად ეხებოდნენ და სასტიკად სჯიდნენ.

"ბიჭებს არ ურტყამდნენ, მარტო გოგოებს გვირტყამდნენ, მუხლებზე გვაჩოქებდნენ, არ გვაჭმევდნენ. ერთხელ ცუდად გავხდი და 3 დღე ფიცარზე ვიწექი, რომ გავიღვიძე, დალურჯებული ვიყავი. ერთხელ მთელი ღამე კაფელზე, მუხლებზე გავათენეთ. მეუფე სპირიდონი ავალებდა, მკაცრად დასაჯეთო, ციხეა, კლეტკები აკლია თორემ", - ამბობს შაბათის ფორმულას რესპოდენტი. 

პანსიონის კიდევ ერთი ყოფილი აღსაზრდელი შაბათის ფორმულასთან საუბარში დასჯის მეთოდებს იხსენებს. 

"თავში მირტყამდნენ და ეპილეფსია დამემართა. მუხლებზე მაჩოქებდნენ მარცვლებზე მთელი ღამე", - ამბობს ის. 

მოზარდები ჰყვებიან, რომ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, თვითმკვლელობის და გაქცევის მცდელობები ჰქონდათ, რის გამოც კიდევ უფრო მკაცრად ისჯებოდნენ.

"თავის მოკვლა ვცადე, წამლები დავლიე. გაქცევაზე პოლიციით აბრუნებდნენ ბავშვებს უკან, პოლიციისთვის თქმას აზრი არ ჰქონდა, სპირიდონის მხარეს იყვნენ", - იხსენებს ყოფილი ბენეფიციარი. 

"რამდენჯერმე თავის მოკვლა ვცადე, ხელები გადავისერე. ეს რომ მოხდა, მეუბნებოდნენ შენებს ვეტყვით და საერთოდ აღარ მოგაკითხავენო, დამსაჯეს", - ჰყვება კიდევ ერთი მოზარდი. 


close დახურვა