logo
ENG



ცერცვაძე: ბოლო 1 კვირაში, დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა

19 აგვ 202320:55
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: ბოლო 1 კვირაში, დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა.

ცერცვაძე ამბობს, რომ "პანდემია დასრულდა, მაგრამ COVID-19, როგორც რიგითი ინფექცია არ გამქრალა". ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ვარაუდით, COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან.

ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე ერისი (eris), რომელიც წარმოიშვა ომიკრონის XBB შტამისგან მუტაციის გზით.

"ჯანმო-ს მონაცემებით ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით EG.5. ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების დაახლოებით 20%. წინასწარი მონაცემებით ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ (კლინიკური სიმპტომები, სიმძიმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან.

მიიჩნევა, რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად. COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს.

სავარაუდოდ EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან", - წერს ცერცვაძე.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, "რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით".


close დახურვა