logo
ENG



ცერცვაძე ოპონენტ კოლეგებზე: ანეკდოტია, არაფერი გაუკეთებიათ და ითხოვენ მინისტრის გადადგომას

26 დეკ 202023:32
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, Facebook-ში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის კოლეგების გარკვეულ ჯგუფს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. 

როგორც ცერცვაძე წერს, ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით "თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს". მისი თქმით, "ანგაჟირებული ტელევიზიები ოპონენტ ექიმებს" ტყუილების გავრცელებაში ეხმარებიან. 

"ტყუილი 1: ანგაჟირებული ტელევიზიები ჩვენს ოპონენტ ექიმებს (ამ შემთხვევაში უცხოეთში დასაქმებულ ექიმებს არ ვეხები) წარმოაჩენენ, როგორც “COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს”.

სინამდვილეში არცერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არცერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და თავისი ცოდნის რეალიზება ნებისმიერ მათგანში მოახდინოს, მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ აკეთებს. ხომ არ იცით რატომ? ანეგდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 7/24 რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს....

ტყუილი 2: აღნიშნული ექიმები აცხადებენ, რომ მათ არ უსმენენ და მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ. სინამდვილეში არც სამინისტროს და არც კლინიკურ ჯგუფს მათგან არცერთხელ არანაირი კონკრეტული წინადადება და რეკომენდაცია არ მიუღია. კონტაქტშიც კი არ შემოსულან. მხოლოდ ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის დაწუნება, დისკრედიტაცია, ბრალდებები, მათ შორის კორუფციაშიც კი?! და იმაში, რომ ასობით ავადმყოფს უკვე ვავნეთ?!...", - წერს ცერცვაძე. 

კიდევ ერთ ტყუილად ცერცვაძე მიიჩნევს ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც "ქვეყნის ხელმძღვანელობამ პანდემიის მართვა ვერ შესძლო და ამიტომ თავის გადასარჩენად lockdown-ს მიმართა და ამით საკუთარი მოსახლეობა შიმშილისთვის და სასიკვდილოდ გაწირა".

"ამით ცდილობენ მოსახლეობაში ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი უკმაყოფილება გააღვივონ. მკრეხელობაა. სინამდვილეში მათ შესანიშნავად იციან, რომ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იძულებული იყო, მიემართა lockdown-ისთვის და თანაც გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრი პირობებით... ტყუილი 4: ქვეყნის ხელმძღვანელობა ვერაფერს აკეთებს?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! პაციენტების ნაკადების მართვა, მათ შორის კლინიკური მართვა, არაფრად არ ვარგა?! მართვის პროტოკოლი ცუდია?! COVID-19-ით ავადობის და გარდაცვალების შემთხვევები კატასტროფულად იმატებს?! და ა.შ. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით და ავადმყოფების კლინიკურ მართვის ხარისხთან მას არავითარი კავშირი არა აქვს.

ვთავაზობ ექიმთა ახლადშექმნილ ასოციაციას, შეარჩიოს ორი ექიმი, ერთი - უცხოეთში მცხოვრები, ხოლო მეორე - საქართველოში მცხოვრები და მზად ვარ შევხვდე მათ ტელედებატებში, ნებისმიერ ნეიტრალურ ტელევიზიაში, COVID-19-ის კლინიკური მართვის საკითხებზე...", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

ის ფიქრობს, რომ "სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო".

ცერცვაძის სრულ პოსტს გაეცანით აქ

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკის სამიზნედ როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე თავად თენგიზ ცერცვაძეც გახდნენ. ჯანდაცვის მინისტრს ოპონენტები და სფეროს სპეციალისტები ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აკრიტიკებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ მეორე ტალღის დაწყებამდე ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არ მოამზადა. რაც შეეხება ცერცვაძეს, კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცერცვძემ განაცხადა, რომ ინფიცირების დროს მას პრეპარატი რემდესივირი უცხოეთიდან გამოუგზავნეს. ასევე მას შემდეგ რაც ქვეყანამ ეს პრეპარატი შეიძინა, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ რემდესივირი კორონავირუსთან საბრძოლველად უსარგებლო პრეპარატია. 


close დახურვა