ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი გუშინ, 4 სექტემბერს დასრულდა.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ახლა მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - პარტიებმა პროპორციული სიები უნდა წარადგინონ. ამისთვის ვადა 1-ლ ოქტომბრამდე აქვთ.
ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიული სიების შემოწმებას დაიწყებს.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს - მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ასევე 1-ლ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.
ასევე, ამოქმედდა გენდერული კვოტები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დანიშნული.