საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა ამოეწურათ.
განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმოადგინა, აქედან განხილვაშია 53, 14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიემართათ ცესკოსთვის.
ამასთან შეგახსენებთ, რომ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 197)“, - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.