ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი, სავარაუდოდ, ამომრჩეველმა მიიტანა.
როგორც იოსელიანი განმარტავს, ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი შენახული ჰქონდა და II ტურში საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენა:
"ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია. ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები",-თქვა ნათია იოსელიანმა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ მოახერხა ამომრჩეველმა ძველი ბიულეტენის გატანა საარჩევნო უბნიდან, იოსელიანმა ასე უპასუხა - "როგორც ჩანს ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო ამ ბიულეტენის გატანა."
ცნობისთვის, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე ხმების დათვლისას საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ამსახველ ფოტომასალას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელა.