logo
ENG



HRC: ერთ-ერთი უბნის ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოჩნდა

21 ნოე 202023:50
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/21/mmrfny4xq7qykvi.jpeg

ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე ხმების დათვლისას საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ამსახველ ფოტომასალას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, ხმის დათვლის დროს ასეთი 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.

როგორც HRC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თითოეული ბიულეტენი სხვადასხვა ცალ-ცალკე კონვერტში მოთავსებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ბიულეტენებთან ერთად.

"ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - www.humanrights.ge-ის არჩევნებზე აკრედიტებული ჟურნალისტი აკვირდებოდა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოთხოვნით, საუბნო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს ბიულეტენები, სხვებთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიაში გადააგზავნოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვდა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს გამოუცხადეს. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა.


close დახურვა