საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება, მათ შორის, თბილისის ყველა ოლქში.
ცესკოს ინფორმაციით, 100% დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: ქართული ოცნება - 48,22%, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 27,18%, ევროპული საქართველო - 3.79%, ლელო – 3,16%, პატრიოტთა ალიანსი – 3,14%, სტრატეგია აღმაშენებელი –3,15 %, გირჩი – 2,89%, ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები – 1,33%, ლეიბორისტული პარტია – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 2 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქედან ერთი აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დააანონსა.