ციხეში ამანათების შეგზავნა 20 მაისიდან განახლდება - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ამანათების შეგზავნაზე შეზღუდვის მოხსნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ყველა ნივთი გაივლის დეზინფექციას - ამ პროცედურებისთვის დაწესებულებებში სპეციალური სამსახური შეიქმნება.
„ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.