logo
ENG



ცქიტიშვილის თქმით, 1-ლი თებერვლიდან სამთო კურორტები მუშაობას ვერ განაახლებენ

26 იან 202116:42
3 წუთის საკითხავი
 
ცქიტიშვილის თქმით, 1-ლი თებერვლიდან სამთო კურორტები მუშაობას ვერ განაახლებენ

სათხილამურო კურორტები 1-ლი თებერვლიდან მუშაობას ვერ განაახლებენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, სათხილამურო კურორტებზე ბევრი ხალხი ჩადის, რაც რაც ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.

"სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სათხილამურო კურორტები არ ფუნქციონირებენ. სამწუხაროდ, ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ძალიან მაღალი რისკებიდან გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენას პირველი თებერვლიდან ვერ ვახერხებთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად რამდენიმე თვეა უმუშევრად არიან დარჩენილები. მოქალაქეები ითხოვენ ტრანსპორტის და სკოლების, ასევე ტურიზმის გახსნას, კომენდანტის საათის მოხსნას. 

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.

 


close დახურვა