ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეზე პარტიების განცხადებას ინდივიდუალურად ემიჯნება. ფორმულასთან საუბარში მან განმარტა, რომ ქალთა მიმართ ძალადობას, არანაირი გამართლება, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტშიც არ შეიძლება, ჰქონდეს.
"ეს პოზიცია დიდი ხანია მაქვს. იციან მათ შორის პარტიაშიც რომ არ მომწონს ეს განცხადება. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ეჭვი რომ არ შემაქვს, ფაქტია. ძალიან დიდი ხანია ორმაგი სტანდარტებით აპელირებს ქართული ოცნება, მათ შორის, ჯიშკარიანი რომ არ დასაჯა, ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ქალის მტკიცებულებების უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება.
ქალთა მიმართ ძალადობას, არანაირი გამართლება, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტში არ შეიძლება ჰქონდეს. [გავრცელებული განცხადება] მე არ მიმაჩნია სწორ ფორმულირებად", - ამბობს ხატია დეკანოძე.
დღეს, 22 აპრილს, 20-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობრივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
პარტიები აღნიშნავენ, რომ ეჭვქვეშ არ აყენებენ ქალის ბრალდებებს ძალადობაზე, თუმცა წულაიას პატიმრობაში დატოვება შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.
პარტიები განცხადებაში მიუთითებენ ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებზე და აღნიშნავენ, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება.