20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ისინი აღნიშნავენ, რომ ეჭვქვეშ არ აყენებენ ქალის ბრალდებებს ძალადობაზე, თუმცა წულაიას პატიმრობაში დატოვება შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.
პარტიები განცხადებაში მიუთითებენ ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებზე და აღნიშნავენ, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება.
"ერთ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს ფეისბუქზე.
ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.
ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის რაც მოქალაქეებმა ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც. ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა - ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ ტვ პირველიდან კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას.
ეს მიუთითებს რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია. სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი პარტიები:
- გირჩი-მეტი თავისუფლება;
- ევროპული საქართველო;
- მოძრაობა დროა;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ლეიბორისტული პარტია;
- გამარჯვებული საქართველო;
- ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
- ახალი ქრისტიან დემოკრატები;
- სამართლიანობისთვის;
- ლელო;
- საქართველოსთვის;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა;
- ევროპული დემოკრატები;
- კანონი და სამართალი;
- პროგრესი და თავისუფლება;
- ქართული არჩევანი;
- საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;
- ეროვნულ დემოკრატიული პარტია;
- სახელმწიფო ხალხისათვის;
- თავისუფალი საქართველო;
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის;
- ქრისტიან კონსერვატული პარტია ემსახურე საქართველოს.