logo
ENG



წერეთელი: კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია

30 სექ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 
წერეთელი: კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ახალი სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპონენტების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის ნაწილია.

"არჩევნებამდე 2 დღით ადრე, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ახალი სარჩელის შეტანა არის პოლიტიკურად მოტივირებული და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს წინასაარჩევნოდ იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე დამატებითი საქმეები აღძრას, კომპრომატები გამოჩხრიკოს ეს არის ძირითადი ინსტრუმენტი. მე არ ვიცი კონკრეტულად ამ საქმის შესახებ მაგრამ ის ვიცი, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ წარმოებული საქმეები ზოგი შეწყდა, ზოგ საქმეზე ის გამართლდა და კიდევ უფრო მძიმე იყოს ის ფაქტი, რომ ევროპის სასამართლოებმა მათ შორის ლონდონის და საფრანგეთის არ დააკმაყოფილეს ექსტრადიციის მოთხოვნა, იმ მიზეზით, რომ ქართული სასამართლო იყო პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის"', - განაცხადა წერეთელმა.

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.

7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.

პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.

იმ დროს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან და კიდევ ორმა მოსამართლემ - ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა განიხილეს ყოფილი მინისტრის საქმე.

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო

დღეს ის ახალ სარჩელსაც გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გაფლანგვის მსგავსი საქმე ბევრია და გამოძიება "ყველა ფაქტს გასცემს პასუხს". 


close დახურვა