logo
ENG



წერეთელი - საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთი მასშტაბური კრიტიკა არ მახსოვს

16 თებ 202022:35
3 წუთის საკითხავი
 

„ასეთი კონსოლიდირებული, მასშტაბური კრიტიკა და კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არ მახსოვს“, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა.

„მახსოვს ის პერიოდი, როდესაც საქართველო იყო დიდი კრიტიკის საგანი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ეს ასე ღიად არ ხდებოდა, რადგან შევარდნაძის ფაქტორი ამ ყველაფერს რაღაცნაირად აკომპენსირებდა გარკვეულ პერიოდში. მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად უფსკრულის პირას მივიდა, ვარდების რევოლუციამდე, რა თქმა უნდა იყო შემდეგ ღია კრიტიკა. იყო სხვა მომენტებიც წინა ხელისუფლების დროს. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ის ადამიანები არიან ხოლმე ყველაზე კრიტიკულები, ვისაც საქართველო აინტერესებს და უყვარს. ასეთი კონსოლიდირებული მასშტაბური კრიტიკა და კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მე არ მახსოვს. თუნდაც ბოლო პერიოდი, რაც დაუკავშირდა 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, გაცემულ დაპირებებს. ყველამ აღიქვა ეს როგორც ტყუილი, გადაგდება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აისახა ძალიან ბევრ კრიტიკულ წერილში, რომელსაც საკმაოდ სერიოზულმა ლიდერებმა მოაწერეს ხელი და არა ვიღაც რამოდენიმე ადამიანმა, ვისაც ჭკუა არ მოეკითხება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდა გიგი უგულავას დაკავების შემდეგ. მე სწორედ იმ დღეს ჩამოვფრინდი ვაშინგტონიდან, როდესაც გიგი უგულავა დააკავეს და პირველი დღე იყო როდესაც შევხვდით ამერიკის ახალ ელჩს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ თანხის მითვისება არ დასტურდებოდა და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა და ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მას უკვე მოხდილი აქვს. უგულავას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების, ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო არსებული კრიტიკა, კიდევ უფრო გაამწვავა. ისინი ქვეყანაში სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე საუბრობდნენ ხელისუფლებას აღნიშნავდნენ, რომ უგულავას დაპატიმრება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

 


close დახურვა