logo
ENG



წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდის მერისა და მოადგილეებისთვის ხელფასები 1000 ლარიდან გაზარდა

26 ნოე 202112:43
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულომ მერსა და მერის მოადგილეებს ხელფასები გაუზარდა. ოპოზიციის პროტესტისა და ხმაურის ფონზე ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მერმა მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საჯარო სექტორში ხელფასები გაზარდეს, მათ შორის, მერის და მერის მოადგილეებისთვის ხელფასები გაზრდილია, "სადღაც 1000 ლარიდან".

"ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურადაა ფინანსურად უზრუნველყოფილი, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები და ესაა მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა იყოს კონკურენტუნარიანი საჯარო სექტორი. 

პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაზღვრულია კანონმდებლობით. ასევე განსაზღვრულია ქვედა დონის მენეჯერებიც. მერის და მერის მოადგილეებისთვის გაზრდილია სადღაც 1000 ლარიდან", - თქვა მამუკა წოწერიამ, რაზეც ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ მიიჩნიეს საჭიროდ, ეს თანხა პროექტებზე გადაენაწილებინათ? ამაზე წოწერიამ უპასუხა, რომ პროექტებზე უკვე გადანაწილებულია და "ის პროექტები ვერ შეიქმნება, თუ ამ ადამიანებს არ ექნათ შესაბამისი შემოსავალი, სახელფასო ჯამაგირის სახით".

ზუგდიდის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ პროტესტის ფონზე დაამტკიცა. 

ოპოზიციის განცხადებით, ახალი საკრებულო მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია.


close დახურვა