logo
ENG



წყალტუბოში სანატორიუმების გასხვისება, შესაძლოა, მიზანმიმართულად ჭიანურდებოდა

29 ოქტ 201920:09
3 წუთის საკითხავი
 
kkf95r5fp1lx7gp.jpg

თვითმმართველობის თემაზე მომუშავე ვებპორტალი „თვითმმართველობის დროა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთავრობას წყალტუბოს სანატორიუმები გამოჰქონდა გასაყიდად კოლექტიურად. ეს არის მიზეზი, რატომაც დარჩა გაუსხვისებელი მათი დიდი ნაწილი. დღეს გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ნიადაგი მომზადდა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინიციატივისთვის. 

„ხუთი სანატორიუმი ერთ ლოტად გაერთიანებული 21 მილიონ ლარად - ასეთ ქონებას ბუნებრივია რთულია გამოუჩნდეს ინვესტორი. ყოველთვის ამასთან გვქონდა პრობლემა, რატომ არ ყიდდა სახელმწიფო მათ ნაწილ-ნაწილ. არ ვიცი რამდენად იყო ეს მზადება, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოეთქვა ეს ინიციატივა,“ - ამბობს მაგდა პოპიაშვილი, ვებპორტალის წარმომადგენელი.

წყალტუბოში შესახლებულმა დევნილებმა დღეს ჟურნალისტებისგან გაიგეს სანატორიუმების გასხვისების შესახებ. როგორც ისინი ამბობენ, მათ ამ მასშტაბურ პროექტზე არავინ დალაპარაკებია. უფუნქციო შენობებში ათობით ოჯახი ცხოვრობს.

ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს კურორტის მთლიანად გამოსყიდვასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. მე-20 საუკუნის ისტორიულ შენობებს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს, თუმცა ჯერ არ იცის, რა ფასად. შენობების ღირებულება უცნობია ეკონომიკის მინისტრისთვისაც, რომელიც ამბობს რომ  ჯერ არ დაუთვლიათ და ეს გრანდიოზული საქველმოქმედო პროექტის მხოლოდ მცირე დეტალია. მილიარდერი ამბობს,რომ რეგიონის განვითარების მიზნით ყიდულობს 22 სანატორიუმს და 9 აბანოს.

ქონების მართვის სააგენტომ მხოლოდ ივანიშვილის განცხადების შემდეგ დათვალა, რომ 22 სანატორიუმიდან 15 ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. რამდენიმეს კი კერძო მესაკუთრე ჰყავს.

მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები მმართველი პარტიის ლიდერს მორიგი საარჩევნო ხრიკის გამო აკრიტიკებენ. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ  ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს და წყალტუბოს პროექტიც შეუსრულებელი დაპირებების სიაში აღმოჩნდება.  

მმართველი გუნდის დეპუტატები, რომლებმაც ოლიგარქს პარლამენტიდან დღეს მადლობა გადაუხადეს, პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევენ სხვისი ფულის თვლას შეეშვან.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს პროექტის განხორციელებას უმოკლეს ვადებში გეგმავს. თუმცა ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება ამისთვის და რამდენის დახარჯვას გეგმავს. ისევე, როგორც არ არის ცნობილი, რამდენად მიყიდის მთავრობა მას სახელმწიფო ქონებას.  

 


close დახურვა