რატომ ითხოვს მთავრობა დახმარებას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან? როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობამ ნატოსგან სამედიცინო ბანაკები, საწოლები, პირბადეები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მოითხოვა. აღნიშნულზე ჯერჯერობით განმარტებები ხელისუფლებაში არ გაუკეთებიათ. დოკუმენტის თანახმად აღჭურვილობას რომელსაც ხელისუფლება ითხოვს, სჭირდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის თანამშრომლებს. დოკუმენტში საუბარია აღჭურვილობაზე საკონტროლო პუნქტისთვის, თუმცა საუბარია უკვე არსებულ ბლოკპოსტებზე, თუ ახალი ბლოკპოსტების განლაგებაა საჭირო, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ხელისუფლების მხრიდან დახმარების თხოვნის დოკუმენტს აფასებენ ოპოზიციაში. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა განმარტოს ის თუ რისთვის ემზადებიან ისინი.
„ეს მიუთითებს რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთან თანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და ნატოს, როგორც ორგანიზაციის იმედი. ვერ ვხვდები ახლა რატომ ხდება ეს ყველაფერი ველოდებით რამე ისეთს რაც არ ვიცით?!. თებერვლის ბოლოს როცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩვენ გქონდა შესაძლებლობა დაგვეჭირა თადარიგი დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით, სამედიცინო აღჭურვილობასთან დაკავშირებით და ძალიან ცუდია თუ ახლა ვიწყებთ ამაზე ზრუნვას. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი პარტნიორები, Nato-ს წევრი ქვეყნები აუცილებლად მოგვეხმარებიან“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მარაგების შევსება აუცილებელია, ვინაიდან არაპროგნოზირებად გარემოში ვიმყოფებით, თუმცა მანამ სანამ ხელისუფლება მარაგებს შეავსებენ და დახმარებას ნატოს სთხოვს, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულზე, რადგან მისი თქმით, მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ რა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქვს ხელისუფლებას.
„მარაგის მუდმივი შევსება ეს თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ვართ არაპროგნოზირებად გარემოში და როდის რა დაგვჭირდება არ ვიცით. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მთავრობის სტრატეგია. აგვიხსნან თვითონ რას ელოდებიან, როგორი პროგნოზი აქვთ და რა სტრატეგია აქვთ დაგეგმილი. როგორც ჩანს მთავრობა მაინც ფიქრობს, რომ შეიძლება გაცილებით მეტი მსუბუქ სიმპტომიანი ადამიანისთვის დახმარების გაწევა დასჭირდეს ცხელების კლინიკაში და შესაბამისად ავსებენ ამ მარაგებს “,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ Nato-ს დახმარების თხოვნით 3 აპრილს მიმართა. დოკუმენტში ჩამოთვლილია იმ აღჭურვილობის სია, რომელსაც ქვეყანა ითხოვს, საუბარია 20 500 ერთჯერად ბიო კომბინიზონებზე, 26 000 რესპირატორზე, 190 000 გასაბერ კარავზე, 40 ინფრაწითელ თერმომეტრზე, 200 დამცავ ხელთათმანზე, 23 000 სადეზინფექციო საშუალებებზე და 2000 სახის დამცავ ფარზე.