logo
ENG



ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტი, შესაძლოა, პარლამენტთან გააგრძელონ

19 ივნ 202310:45
3 წუთის საკითხავი
 

ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტი შესაძლოა თბილისში, პარლამენტთან გააგრძელონ. ისინი ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას პირობების დაკმაყოფილებისთვის დროს დღის ბოლომდე აძლევენ. 

მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც ჭიათურაში პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ამბობს, რომ მას არ სურს დაინახოს სხვა ადამიანები, სანამ მაღაროელების პრობლემები არ გადაიჭრება.

"გადავიღალეთ, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან? ეს უნდათ? ჩვენ არ ვართ მაზოხისტები, არ გვსიამოვნებს ჩვენი ორგანიზმის დაზიანება, ეს არ არის მიღებული, მაგრამ მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნობენ. ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად, თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინათ თავისით ხელფასი.ელფასის მატება ჩვენ ისედაც გვეკუთვნოდა. ამათმა ტკეპნეს, ტპეკნეს, გვევაჭრებიან, ამის გამო, უარს ვაცხადებ მაგათთან... მაგათი დანახვა არ მინდა, ამიტომ ამოვიკერე თვალები"."- ამბობს მაღაროელი, გიორგი კუპატაძე.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. 

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

 

 


close დახურვა