ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კომპანია თელმიკომ ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეები გაძარცვა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით და ზედმეტი თანხის დარიცხვით, რაც ხაბეიშვილის თქმით, სემეკმა დაადასტურა, როცა თქვა, რომ მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო 4-დან 6 მილიონამდე ზარალი მიიღეს.
"კომპანია ,,თელმიკომ’’ ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რაც სემეკმა საგანგებო სხდომის შემდეგ ფაქტიურად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო.’’-ლევან ხაბეიშვილი
ხაბეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, მოქალაქეებს კი წართმეული თანხები უკან უნდა დაუბრუნდეთ.
"იმ პირობებში როცა სავარაუდოდ, 4-დან 6 მილიონ ლარამდე ამოიღეს ჩვენი მოქალაქეებისგან, 75 ათასი ლარი თუნდაც, ან 25 ათასი ლარი ზღვაში წვეთია. ჯარიმის გარდა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ჩვენ მოქალაქეებზე წართმეული თანხების უკან დაბრუნება და ასახვა ქვითრებზე ამ თანხის. ასევე, ვისაც არ მიგიმართავთ, გელოდებით, როგორც ენმ-ს პარტიის ოფისში, ასევე, შეიტანეთ სემეკში განცხადებები და შემდეგში ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ადვოკატირებას." - ამბობს ლევან ხაბეიშვილი
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შეისწავლის.
ამ დროისთვის სემეკში 700-მდე საჩივარია შესული. საჩივრები დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება - მოქალაქეების თქმით, მათ არაადეკვატურად გაზრდილი თანხა დაერიცხათ - საშუალო სტატისტიკურ ოდენობაზე მრავალჯერ მეტი.
თელმიკოს და თელასის მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.
თელმიკოსა და თელასის შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს იღებენ.
თელმიკოს განცხადებით, ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა.
დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.
ამასთან, თელმიკოს კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ნოზაძის თქმით, "1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რაც იანვრიდან აღარ ხდება და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას".