ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ უკრაინაში ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება".
8 თებერვალს კობახიძემ თქვა, რომ რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია. გუშინ კი დაამატა, რომ "ბოლო 1-2 კვირაში უკრაინას დასახლება არ აუღია, რუსეთმა კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო".
ხაბეიშვილის თქმით, "პუტინის ლაქია, მსახური კობახიძე იმსახურებს, რომ მოხვდეს სანქცირებულთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე და პუტინისტი საქართველოში".
"უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავად არ აირჩევს რუსეთის მხარეს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი სრულიად გულშემატკივრობს უკრაინას, თუმცა რუსული ოცნება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ, მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და მისი ქვეყნის გაერთიანებისკენ. ერთიანი საქართველოსკენ და ქართველი ხალხის პასუხი, მისი ნების გაყალბებაზე, წარსულის, აწმყოს და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მტრებისთვის. საბოლოო ჯამში, პუტინის ლაქია, მსახური კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს სანქცირებულთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში", - თქვა ხაბეიშვილმა.