ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და "ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება".
პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
"ხვალიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის საგანგებო რეჟიმზე და მე მივმართავ ნაციონალური მოძრაობის რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს და ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე, დაიგეგმება რეგიონებში აქტიურობები. ასევე, ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ასევე დღეს გვექნება კონკრეტული აქტივობები და ეს აქტივობები გვექნება ყოველდღიურად" - თქვა მან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.