logo
ENG



ხაბეიშვილი ვაშაძის განცხადებაზე: არანაირი პარლამენტში შესვლა, ეს არის პარტიის პოზიცია

10 ნოე 202014:44
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/10/x9uevgmusp5h6vd.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არანაირი პარლამენტში შესვლა და უკან დახევა არ იქნება და ეს პარტიის პოზიციაა.

"არანაირი მეორე ტურები არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა. ბრძოლა გამარჯვებამდე,  ეს არის ჩემი ინდივიდუალური და პარტიის საერთო პოზიცია. 

პ.ს. ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში. თავისუფალ არჩევანს, დაცულ ხმასა და თავისუფლებას ვითხოვთ.

ძალა ერთობაშია", - წერს ხაბეიშვილი.

გრიგოლ ვაშაძე განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი:

"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად", - ამბობს ვაშაძე. 

ის ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.


close დახურვა