logo
ENG



ხაბეიშვილი ოცნებაზე: ნახეს, რომ 40%-ის აღებაც კი არ შეუძლიათ და რეპრესიები დააანონსეს

28 ივლ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება იმით არის განპირობებული, რომ მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებზე არათუ 43, არამედ 40%-ის აღების იმედიც არ აქვს.

"ქართულმა ოცნებამ, მისმა ე.წ. ლიდერებმა ნახეს, რომ 43%-ის კი არა 40%-ის აღების შესაძლებლობაც კი არ აქვთ. ფაქტობრივად, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ 32%-ზე მეტი მხარდაჭერა არცერთ რეალობაში არ ექნებათ", - თქვა ხაბეიშვილმა გადაცემა კომენტარში.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ოცნებამ რეპრესიები დააანონსა:

"საზოგადოებამ მარტივი რამე უნდა იცოდეს - ამ გადაწყვეტილებით მათ დააანონსეს რეპრესიები. თუ 43%-ის შემთხვევაში ადამიანებს ვერ შეაშინებდნენ და ის ადამიანები იფიქრებდნენ, რომ თუ 43%-ს ვერ იღებს ქართული ოცნება, მაშინ რიგგარეშე არჩევნებია, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლის ქვეშ არ მოექცეოდა ადამიანი.

ახლა გააკეთეს გზავნილი, რომ ვისაც დაგაშინებთ, ვისაც ვალდებულებას აგაღებინებთ, ვისაც ფულს გადაგიხდით და მოგქრთამავთ, ვერცერთი მოიტყუებით და თუ მოიტყუებით, ჩვენ კიდევ ვიქნებით ხელისუფლებაში და მოგთხოვთ პასუხს. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს, რომ ვცხოვრობთ რუსეთის გუბერნიაში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და "სხვადასხვა პირობაზე" იქნება დამოკიდებული.

 

close დახურვა