logo
ENG



ხაზარაძე: "ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური განცხადებები, რუსეთის წახალისებაა

04 იან 202218:05
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: "ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური განცხადებები, რუსეთის წახალისებაა
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აშშ-ის საელჩოს ეხება და ამბობს, რომ ასეთი განცხადებები "რუსეთის და პრორუსული ძალების წახალისებაა". საუბარია საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

როგორც ხაზარაძე Facebook-ზე წერს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი განცხადებები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის.

"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური, არა მეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება... ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის", - წერს მამუკა ხაზარაძე. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს კრიტიკული განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს. 

ბრიფინგზე, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს, კობახიძემ თქვა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ.


close დახურვა