logo
ENG



ხატია დეკანოიძე: თუ შეთანხმების ნაწილი არ შესრულდება, შეთანხმება ვერ მოხდება

14 მარ 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარების წერილს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნეს, ოპოზიციაში აფასებენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იმისთვის, რომ პოლიტიკოსები ნორმალურ საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდნენ, აუცლებელია შეთანხმების ბოლომდე შერულება.

„ყველამ იცის და შეთანხმებაშიც წერია, რომ ამ ინსტიტუციის გამოყენება არის აუცილებელი და ამ ინსტიტუციის გამოყენებაა საჭირო უგულავას შემთხვევაში. ბუნებრივია, როდის და რას იზამს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მე ამის პროგნოზს არ გავაკეთებ.  ჩემი, როგორც მოქალაქის, პოლიტიკოსის, სურვილია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება შესრულდეს და ჩვენ ვიყოთ ნორმალურ ან შედარებით ნორმალურ საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად აკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არ შესრულდება შეთანხმების ნაწილი, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას გულისხმობს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება.

„საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით განხორციელებული შეთანხმების შესრულება ნიშნავს იმას, რომ მუდმივად გაგრძელდება სერიოზული დაკვირვება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და თუ არ შესრულდება შეთანხმების ნაწილი, მაშინ, რასაკვირველია, ვერ შედგება შეთანხმება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

11 ევროპარლამენტარი 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და ურჩევენ, რომ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და გაათავისუფლოს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა.

2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.

 


close დახურვა