logo
ENG



ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურება - ჯაფარიძე კონგრესმენების წერილზე

30 ივლ 202013:19
3 წუთის საკითხავი
clock 325

„სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოხატული წუხილი იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოში რუსული ოლიგარქიული მმართველობა აღარ გაგრძელდეს“, - ამბობს „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე 6 კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ.

მისი თქმით, წერილში კონგრესმენები რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხაზს უსვამენ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციები განდევნას.

„დღევანდელი ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს, როდესაც ის სდევნის ქვეყნიდან ამერიკულ ინვესტიციებს, როდესაც ის სდევნის ოპონენტებს და ამისთვის იყენებს ტიპიურ ოლიგარქიულ მეთოდებს. ეს ოქტომბერში უნდა დასრულდეს. კონგრესმენების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიმართულია საქართველოს ინტერესების და ამერიკულ-ქართული ინტერესების წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, იდევნება აშშ-ს ინტერესები შავი ზღვიდან და ჩერდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოხატული წუხილი არის იმისკენ მიმართული რომ საქართველოში აღარ გაგრძელდეს რუსი ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ოქტომბერში“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, პომპეოსთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო წუხილს გამოთქვამენ. ისინი ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკან წავიდა.


close დახურვა