logo
ENG



ხელისუფლება ფიქრობს როგორ გააკეთოს ფული სოციალური პროექტებიდან - ვაშაძე

21 მაი 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილ ათასობით ადამიანს ფინანსურად მაისის ბოლოდან დაეხმარება.

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები ეტაპობრივად გაიცემა. მოქალაქეები "ფორმულსთან" საუბარში აცხადებენ, რომ მათ არანაირი დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ. ისინი ამბობენ, რომ თვითდასაქმების გამო, არ გააჩნიათ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი, რათა ერთჯერადი დახმარება მიიღონ. 

"თვიდასაქებული ვიყავი, თუმცა ახლა სამსახურის გარეშე დავრჩი. არც საბუთი მაქვს იმისა, რომ ვმუშაობდი. არც იმედი მქონდა სიმართლე გითხრათ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოქალაქეების ნაწილი სოციალური დახმარების პრობლემებზეც საუბრობენ. ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ამბობს, რომ დახმარება უკვე 4 თვის განმავლობაში არ მიუღია. კიდევ ერთმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას მხოლოდ 60 ლარი დაერიცხა და არანაირი დანამატი არ მიუღია.  

სოციალურად დაუცველი ქალბატონი აცხადებს, რომ დახმარებით ქალაქის მერის მიმართა. კერძოდ მას საკვებით დახმარება სჭირდებოდა, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 

დახმარებების გაცემის პროცესს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ, დახმარებების გაცემა დაგვიანებულია. ოპოზიციაში ანტიკრიზისულ გეგმაში კორუფციის ნიშნებსაც ხედავენ.

"უნდა მისცე ყველას დახმარება, იმიტომ რომ 3 თვეა ადამიანები უმუშევრები არიან, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და მერე უკვე შეგიძლია გარკვეული ჯგუფები გამოყო. 3 თვე გაწელეს, ხალხს კაპიკი არ მიუღია, ახლა ბევრი ადამიანი იგებს, რომ არც არაფერი ეკუთვნის. 78 ათასი დარეგისტრირდა 200-ლარიან დახმარებაზე, ანუ მეტ ხალხს არ უჭირს?! მეტ ხალხს არ უჭირს ქვეყანაში?! ეს არის სწორედ, როცა ხელისუფლებაში გყავს ხალხი, რომელიც ფიქრობს, ფული როგორ გააკეთოს ამ სოციალური პროექტებიდან", - აღნიშნა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავაც აკრიტიკებს. მისი თქმით, დახმარება არა კონკრეტულმა ჯგუფებმა, არამედ მთელმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს. 

"ჩვენი პირდაპირი მოთხოვნა არის დავეხმაროთ ყველას, გარდა იმ ადამიანებისა ვინც იხდის ე.წ. მდიდრის გადასახადს. ყველას უნდა მიეცეს ერთჯერადი დახმარება. ჩვენი შემოთავაზება არის, ომ ყველა სრულწლოვან ადამიანზე გაიცეს 1000 ლარი და არასრულწლოვანზე 500 ლარი. ყველა ადამიანს უნდა შეეხოს კრედიტის შეღავათი. ასევე ყველა შეღავათი, რომელიც შეიქმნება უნდა შეეხოს მოსახლეობის 95%-ს", - ამბობს ზოდელავა. 

ის, რომ დახმარების გაცემაში გარკვეული სირთულეები არსებობს, მმართველ გუნდშიც ადასტურებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ყველა კითხვას მთავრობის მეთაური გასცემს პასუხს. 

"არის გარკვეული სირთულეები. მოვა პრემიერი 27-ში რამდენადაც მე ვიცი ან თვის ბოლოს და ყველა კითხვაზე ექნება პასუხი გაცემული", - განაცხადა ვოლსკიმ. 


close დახურვა