logo
ENG



ხელისუფლების უზურპაციის გამო საქართველოს საფრთხე ექმნება - ოპოზიციის შეფასებები

31 იან 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია ევროსაბჭოს რეზოლუციას აფასებს. საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს. 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში საქართველოს მიღწეული აქვს წარმატებისთვის და ახლა დგას საშიშროება, რომ ამ მოცემულობას საფრთხე შეექმნას. არსებულ ვითარებაში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

"მთელი პრობლემა ისაა, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში და მათ შორის იმის აღნიშვნის პირობებში, რომ საქართველო რეგიონში სანდო პარტნიორია, საქართველოს აქვს ზოგადად პროგრესი როგორც ქვეყანას. ამ პირობებში სამწუხარო იქნება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნისა და უზურპაციის გამო ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნას",-აცხადებს სერგი კაპანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით კი რეზოლუცია სრულად ასახავს ქართულ პოლიტიკურ რეალობას. 

"ევროსაბჭოს მიერ მიღებული შედეგი ლოგიკურია იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ხელისუფლებამ ცვლილება ჩააგდო. ის, რომ ივანიშვილმა ფაქტობრივად მოატყუა თანამეგობრობა, ნათელი გახდა, რომ ის ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნას აპირებს",-აცხადებს სამადაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს ქვეყანაში აქტუალურია. 

"რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი მით უფრო რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ. აქ ნაგულისხმევია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება, სასამართლო სისტემა და ა.შ. ქვეყანას სჭირდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები",-აცხადებს ელენე ხოშტარია. 

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთადერთი გამოსავალია ქვეყანაში მშვიდობიანი ვითარების შესაქმნელად. 

"პროპორციული საარჩევნო სისტემაზე იმიტომ კი არ უნდა გადავიდეთ, რომ ეს ოპოზიციას ან ხელისუფლებას მოსწონს, არამედ იმიტომ ესაა გამოსავალი რათა დასრულდეს სიღარიბე, უმუშევრობა, უიმედობა. სხვა შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება და ეს საქართველოს მოქალაქეებს უფრო დააზიანებს",-აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი. 

 


close დახურვა