logo
ENG



ხვალიდან სამღვდელოებისთვის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ეკლესიები გაიხსნება - პრემიერი

10 ოქტ 201910:19
3 წუთის საკითხავი
 
mcmp48j4gfw7l1e.jpg

აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით-გარეჯში უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ეკლესიები გაიხსნება. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაცდა არა მხოლოდ ორმხრივ და რეგიონულს განზომილებას, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.

მან ისაუბრა აზერბაიჯანთან ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. 

„ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომელიც არ არის დადგენილი და ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და ეს 25 წელი ვერ მოგვარდა, ალიევმა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რადგან მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. ხვალიდან, ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად, ამ მხრივ, უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი,“ — განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. 

გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა დავით-გარეჯზე საუბრისას ყველა სიტყვას დაუკვირდეს. მისი თქმით, სამშობლოს სიყვარული ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს არ გულისხმობს. 

„ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით, ეს არის ჩვენი მიდგომის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. გვმართებს უაღრესი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე, ყოველი ნაბიჯის სიტყვის კონტექსტში და სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს,“ — განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტამდე საქართველოს საპატრიარქომ გახარიას წერილით მიმართა და დავით-გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

 


close დახურვა