გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია.
ხვიჩიას თქმით, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ერთმანეთის ციხეში ჩასმა და ლანძღვა-გინება და ამის დამთავრების, ასევე გვარამია-სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მარტივი გზა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაა.
"რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც დაიჭირეს ნიკა გვარამია, მგონი ეს ფაქტი არც გაფლანგვა, არც მანქანის ტარება არ არის - ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი მხარე ახლა, აწმყოში გამარჯვებულია და დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ჩვენ ასე გავაგრძელებთ, თუ ეს ბრძოლა არ დამთავრდება და გავაგრძელებთ დიდი ხანი, ამით ზიანდება ქვეყნის ინტერესი. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს და ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავდროულად ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზაა - არის ნაციონალური მოძრაობის დაშლა", - ამბობს ხვიჩია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.