logo
ENG



ხვიჩია: ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, ოპოზიცია საბრძოლველად უნდა შემოვიდეს პარლამენტში

28 ივლ 202121:37
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, ოპოზიცია საბრძოლველად უნდა შემოვიდეს პარლამენტში

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიზანია, ოპოზიცია გავიდეს პარლამენტიდან და ადგილობრივი არჩევნებიდან. იგი ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ახლა ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას.

"მათ იციან, რომ როცა ოპოზიცია ბრაზდება და ბოიკოტირებს, თავად იგებენ, ზოგადად მოწინააღმდეგის არ გამოცხადება გაწყობს, როცა საკუთარ უპირატესობაში ეჭვი გეპარება. ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ეს მორალური უპირატესობა და შეტევას შეტევითვე უპასუხოს. უფრო მეტიც, ახლა ნაცებმა და კამპანიამაც უნდა მოაწერონ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და ოპოზიცია სრული შემადგენლობით შემოვიდეს საბრძოლველად პარლამენტში. ამით ოპოზიცია ხდება პროევროპული, შეთანხმების ერთგული და შეუძლია ხელისუფლების ამ ველიდან ჩაჩოჩება", - წერს ხვიჩია ფეისბუქზე.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ლელოში კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.


close დახურვა