logo
ENG



ხმაური პარლამენტში - ენმ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს

02 მარ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.

დახურულ ფორმატში დეპუტატებმა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს, ქეთევან ბაკარაძეს მოუსმინეს.

სხდომის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბესო შენგელიამ სხდომის წევრებს და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს წარმოუდგინა დასკვნა, სადაც აფხაზეთის მთავრობასა და აღნიშნულ სამინისტროში, კორუფციის ფაქტებზეა საუბარი. დასკვნის ჩვენებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია.

„საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისა და უკიდურესად მძიმე, გაუსაძლის სოციალურ პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კერძოდ მინისტრ ბაკარაძის მიერ ჩადენილ მავნებლურ, დანაშაულებრივ საქმიანობას, რაც დღის წესრიგში აყენებს ქალბატონი ბაკარაძის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების საკითხს“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.

რაც შეეხება თავად ქეთევან ბაკარაძის პოზიციას, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„გვქონდა ფაქტები და არგუმენტები სახელმწიფო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ჩვენი რეფორმა. ყველაფერზე ვისაუბრეთ დახურულ ფორმატში. არ არის ეს ის თემა, რომელზეც საჯარო საუბარი შეიძლება“,- განაცხადა მინისტრმა.

 

 


close დახურვა