logo
ENG



ხმაური ქუთაისში - წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

08 ივნ 202017:57
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, პანდემიის პირობებში ადმინისტრაცია მათ ფინალური გამოცდების ტელეფონით ჩაბარების უფლებას არ აძლევს, რაც ბევრ სტუდენტს, რომელსაც კომპიუტერი არ აქვს, პრობლემას უქმნის.

„სტუდენტების უმრავლესობა არის რეგიონებიდან და ვერ ახერხებენ, არ აქვთ კომპიუტერი. რაც შეეხება 5 ივლისიდან უნივერსიტეტში გამოცდებისთვის სპეციალური სივრცის გამოყოფას, სიარულსაც ვერ მოახერხებენ სტუდენტები. კიდევ ერთ პრობლემას ვეჩეხებით - ძალიან ცხელი ზაფხული იქნება წელს და უნივერსიტეტში კონდიციონერების გარეშე გამოცდების ჩაბარება იქნება გაუსაძლისი. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, ტელეფონით დაგვრთონ ნება ჩაბარების, თორემ შემდეგ უფრო გავაპროტესტებთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ადმინისტრაცია შეზღუდვის მიზეზად ტელეფონით გადაწერის შესაძლებლობას ასახელებს. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თქმით, კომპიუტერით ჩაბარების დროს გადაწერის საფრთხე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რაც ტელეფონის შემთხვევაში ვერ გაკონტროლდება.

„გამოცდები უნდა იყოს ცოდნის წარმოსაჩენი საშუალება და არა კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის საშუალება. გამოცდები ტარდება კომპიუტერებზე თვალებისა და ე.წ. ბლოკ დაუნის სისტემის საშუალებით, რაც აძლევს სტუდენტს საშუალებას, წარმოაჩინოს თავისი ცოდნა. სხვა შემთხვევებში, როდესაც შუალედური გამოცდები ჩატარდა, ბევრი ესეთი ხარვეზი გამოჩნდა. ბევრს ამოღებული ჰქონდა ჩასმული ჰქონდა ნაშრომები და ცოდნის გამოვლენის საშუალებას ვერ უზრუნველვყოფთ ტელეფონებით და ბლოკ დაუნის გარეშე. ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ვიდეოთვალიანი კომპიუტერის, მათთვის 5 ივლისიდან, როდესაც რეგულაციები მომცეს საშუალებას, უნივერსიტეტის კარები გაიღება, მოვლენ სტუდენტები და ან კომპიუტერზე, ან ძველი სისტემით დაწერენ გამოცდებს და ჩააბარებენ“, - განაცხადა რექტორის მოადგილემ.


close დახურვა